თენგიზ ცერცვაძე: საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდ გადატანილს თანაბრად აძლევს „მწვანე ბარათს“

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ დღეიდან „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე არ იზიარებს გადაწყვეტილებას, რომ კოვიდ გადატანილ პაციენტებს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ.

„რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე. ამიტომ, არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა", - განაცხადა ცერცვაძემ.