პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ქვემო ქართლში ახალ სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ახალი გუბერნატორი საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა პირველ დეკემბერს რეგიონის მერებს წარუდგინა.
"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ქვემო ქართლში ახალი გამოწვევების და იმ გამოწვევების გამო, რომელიც არსებობს მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში, სადაც ყოფილი გუბერნატორი სამუშაოდ გადადის", - თქვა ბარნაბიშვილმა.
გიორგი დოხტურიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.
ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 1 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
შოთა რეხვიაშვილი 2018 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. 2014-2018 წლებში ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში მას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა. 1993 წლიდან 2012 წლამდე შოთა რეხვიაშვილი დასაქმებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.