ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო მოლაპარაკებებს სავარაუდოდ, 3 დეკემბერს გამართავს, რომლის დროსაც შესაძლოა, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბროს.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რიგაში განაცხადა, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„ჩვენ კონტაქტში ვართ ორივე მხარესთან [რუსეთთან და უკრაინასთან] და დეესკალაციის მომხრე ვართ. ცოტა ხნის წინ მე მქონდა მოლაპარაკებები [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ] ლავროვთან და [უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ] კულებასთან“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

თურქეთს მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ მოაგვარებს პრობლემას და არ დაეხმარება უკრაინას.

„გვჯერა, რომ სანქციები პრობლემას ვერ მოაგვარებს, წარსულში ამის მაგალითი არსებობს. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაწესდა სანქციები მთელ რიგ ქვეყნებზე, ჩვენ თვითონაც გავხდით სანქციების სამიზნე, მაგრამ ეს პრობლემას არ წყვეტს. მაგალითად, თუ სანქციების ნაცვლად თავშეკავებას ვირჩევთ, ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, მაგრამ ჩვენ, თურქეთს გვჯერა სწორი ბალანსის თავშეკავებასა და დიალოგს შორის. ასე რომ, უკრაინის და სხვა ქვეყნების დახმარება, მხოლოდ სანქციების დაწესებით შეუძლებელია“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ერდოღანმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, შუამავლის როლი იკისროს უკრაინასა და რუსეთს შორის.