ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს, რათა კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონს" ებრძოლოს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია იქნება გადამწყვეტი უაღრესად გადამდები ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"როგორ შეგვიძლია, წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციაზე. ამას დისკუსია სჭირდება. ამას საერთო მიდგომა სჭირდება, მაგრამ ეს არის დისკუსია, რომელიც, ვფიქრობ, უნდა წარიმართოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, რიგ ქვეყნებში "ომიკრონის" დაფიქსირების გამო, ევროკავშირმა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან მოგზაურობაზე შეზღუდვა დააწესა. ანალიგიურ ზომას მიმართა აშშ-მაც. დღეს შეერთებულ შტატებში პირველი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ინფიცირებული კალიფორნიაში აღირიცხა.