"ჩვენი უპირველესი ამოცანა არის სხდომების საჯაროობა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს", - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თანხების გაფლანგვის საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილება.
ამასთანავე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარის უპირველესი ამოცანა სასამართლოში მიმდინარე საქმეების საჯაროობა, რის გამოც ისინი ყველა პროცესზე დააყენებენ პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობას.
„ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ „პიჯაკების საქმე“. სწორედ ამიტომ, ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა ასევე, მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დაესწრონ პროცესზე, გაშუქების ფუნქციის გარეშეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება შესაძლებლობა წარსდგეს სიტყვით სასამართლო სხდომაზე და ჩვენ მოვისმენთ მის განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ზოგად შეფასებებს", - განაცხადა ადვოკატმა.