დავით ზალკალიანი: მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის

რიგაში გამართულ NATO-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მადლობას უხდის.

ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა სახელმწიფო მდივან ბლინკენს NATO-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, იმისათვის, რომ ხაზი გაესვა საქართველოს საკითხს მაღალი დონის დღის წესრიგში და ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებაში კონტექსტში, მათ შორის ავღანეთში განვითარებული მოვლენების დროს. მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის“, - ნათქვამია ზალკალიანის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში (30 ნოემბერი-პირბელი დეკემბერი) NATO-ს ორდღიანი მინისტერიალი გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას NATO-ს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება ესწრებოდნენ.

მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში. NATO-ს გენერალურმა მდივანმა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის, განაგრძოს საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. NATO-ს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.