საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სტოკჰოლმში იმყოფება, სადაც 2-3 დეკემბერს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაში მონაწილეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობი, მინისტერიალის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა მინისტრთა საბჭოს სესიაზე, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ეუთოს ფუძემდებლური პრინციპების დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე ხაზს გაუსვამს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და ამ მხრივ არსებულ სამშვიდობო ინიციატივებს.
მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, მათ შორის ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ანნ ლინდესთან, ასევე ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან, ტერეზა რიბეიროსთან.
მინისტერიალის ფარგლებში, ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა. მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნება ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე:
ენტონი ბლინკენი NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე საქართველოსა და უკრაინის საკითხზე საუბარს გეგმავს