აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტოკჰოლმში ჩავიდა. ბლინკენი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს შეხვედრას დაესწრება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მინისტრები განიხილავენ ევროპა-ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას და უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას ეუთოს პრინციპების დაცვით. მდივანი შეხვდება შვედეთის ოფიციალურ პირებს და განიხილავს აშშ-შვედეთის ურთიერთობის მნიშვნელობას და ერთობლივ სამუშაოს საერთო მიზნების მისაღწევად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მინისტერიალის ფარგლებში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
„შეხვედრა იმ დროს იმართება, როდესაც დასავლეთის სამხედრო ალიანსსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო. ლავროვთან შეხვედრამდე ბლინკენი სამიტის ფარგლებში ცალკე შეხვედრას გამართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მანამდე რიგას ეწვია, სადაც პრეზიდენტ ეგილს ლევიტსს, პრემიერ-მინისტრს კრისიანის კარინსს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩს შეხვდა.
შეხვედრების მიზანი ლატვიასა და შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი პარტნიორობის დადასტურება იყო. რიგაში ყოფნისას მდივანმა გამართა ორმხრივი შეხვედრები მოკავშირე კოლეგებთან და დაესწრო NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს, რათა მოკავშირეებთან განეხილა ალიანსისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების საკითხები.
ამასთან, რიგაში, ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება ალიანსისა და მე-5 მუხლისადმი. მდივანმა და გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილეს კონსულტაციების გაგრძელებისა და ალიანსის ერთიანობის მნიშვნელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება, შეიარაღების კონტროლი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.