"პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ ყურადღება დღეს არსებულ პოლარიზაციაზე გაამახვილა. მისი თქმით, პოლარიზაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ეს ის საკითხითა, რომელიც მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს აღელვებს.
„პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე - მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. მით უმეტეს, რომ საქართველო ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის მძიმე შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, თუ კოვიდ-19 პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად დააზარალა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.