„ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და ფაქტობრივად, უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებზე.
„საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ ბარიერის დაწევა ძალიან დადებითი მოვლენა იყო. ამაზე იყო საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში და საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა, რაც საკითხის პოზიტიური გადაწყვეტა გახლდათ. თუ 5%-იანი ბარიერი დარჩება, სავარაუდოდ, 2 ან 3 პარტია გადალახავს მას, შემდეგ არჩევნებზე, რაც ნამდვილად არ არის გზა მეტი ინკლუზიურობისა და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.
ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გაიცა საერთაშორისო ექსპერტების მიერ და რაზეც თანმხდებოდა თავად პოლიტიკური სპექტრი, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არ განხორციელდება ის, რაზეც შეთანხმდა ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ამავე თემაზე:
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა მმართველი პარტიის ლიდერმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.