რუსეთის საპატრიარქომ პატრიარქ კირილისადმი ილია მეორის მიერ გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილეს 75-ე დაბადების დღე მიულოცა. წერილში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს, საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მადლობას უხდის მისი პოზიციისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ და ასევე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში მონაწილეობისთვის.

"მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას იმის გამო, რომ პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, საეკლესიო კანონების გათვალისწინებით, თქვენ აღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, საქართველოს ტერიტორიებს, როგორც საქართველოს და ქართული ეკლესიის განუყოფელ ნაწილად.

ჩვენ და ჩვენი ხალხი თქვენი მადლიერები ვართ იმის გამოც, რომ თქვენ მონაწილეობთ ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქეების გათავისუფლების პროცესშიც. რასაკვირველია, კვლავ არსებობს პრობლემები და გადაუწღრელი საკითხები, მაგრამ არსებობს უკეთესი მომავლის იმედიც. ჩვენი კეთილგანწყობა თქვენდამი გულწრფელია" - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილში.