აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოც ახსენა.
„ჩვენ ვხედავთ ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებების უგულებელყოფას. რუსეთს ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსული ჯარები მოლდოვაში რჩება მოლდოვის თანხმობის გარეშე.
კავკასიაში ჩვენ მივესალმებით პირდაპირი დიალოგის განახლებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის და მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ პროგრესს ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკავებულების, განაღმვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულების საკითხებთან დაკავშირებით.
ვიმედოვნებ, ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ, მათ შორის რუსეთთან ერთად, რათა გავაგრძელოთ პროგრესი.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადაწყვიტონ სხვა გადაუჭრელი საკითხები, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და გააგრძელონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან თანამშრომლობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი მშვიდობიანი დასრულებისთვის“.
ბლინკენმა ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთი სამწუხაროდ აგრძელებს ჰელსინკის პრინციპების დარღვევას და არაერთხელ აბრკოლებს ამ ორგანიზაციის მუშაობას. ის პასუხისმგებელია იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდება ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში.
„ყირიმის ძალით ხელში ჩაგდებამ გამოიწვია დაუნდობელი შეურაცხყოფა ყირიმელი თათრების, ეთნიკური უკრაინელებისა და სხვათა მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად ეწინააღმდეგებიან ამ ოკუპაციას. და როგორც გუშინ ვთქვი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა დაგეგმა შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.