ენტონი ბლინკენი: ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია დაგეგმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთი სამწუხაროდ აგრძელებს ჰელსინკის პრინციპების დარღვევას და არაერთხელ აბრკოლებს ამ ორგანიზაციის მუშაობას. ის პასუხისმგებელია იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდება ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში.

„ყირიმის ძალით ხელში ჩაგდებამ გამოიწვია დაუნდობელი შეურაცხყოფა ყირიმელი თათრების, ეთნიკური უკრაინელებისა და სხვათა მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად ეწინააღმდეგებიან ამ ოკუპაციას. და როგორც გუშინ ვთქვი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა დაგეგმა შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, დიპლომატია არის ერთადერთი პასუხისმგებელიანი გზა ამ კრიზისის გადასაჭრელად.

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ გზას. არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც ორივე მხარემ აიღო“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩამოთვალა რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ასევე ისაუბრა მოსკოვის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე - ასევე, ეუთოს მონიტორინგის დაუშვებლობაზე და იმაზე, რომ რუსეთის მიერ ასევე უგულვებელყოფილია სოციალურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენის ვალდებულება.

„სპეციალური სტატუსის შესახებ კანონი მიღებულია უკრაინის მიერ; მიმდინარეობს ამნისტიის კანონის მიღება, პოლიტპატიმართა გაცვლა - რუსეთის მიერ არ არის შესრულებული; საერთაშორისო მექანიზმის საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა - რუსეთის მიერ არ არის შესრულებული. შემეძლო გამეგრძელებინა...ტანგოს ორი მხარე სჭირდება - თუ ჩვენი რუსი მეგობრები მზად არიან, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები მინსკის ფარგლებში, და ასევე - ჩვენი უკრაინელი მეგობრებიც, სრულად დავუჭერთ მხარს ამას. ეს არის საუკეთესო გზა უკრაინაში განახლებული კრიზისის აღმოსაფხვრელად, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.