აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს სტოკჰოლმში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ განიხილეს დონბასში კონფლიქტის დიპლომატიური, მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა და უკრაინის სუვერენიტეტის სრული აღდგენის საკითხი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმში, რუსული აგრესიის ფონზე.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულების მნიშვნელობას, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საუკეთესო გზას. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზები.
„დღეს კვლავ ვისაუბრეთ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურე შეერთებული შტატების მხარდაჭერა მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების მიმართ, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური მოგვარების საუკეთესო გზა“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე.
რაც შეეხება მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, ენტონი ბლინკენის თქმით, ნიკუ პოპესკუსთან შეხვედრაზე განიხილა მოლდოვის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის წინსვლის საკითხი.
„ვაძლიერებთ რა ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, შეერთებული შტატები რჩება მოლდოვის ურყევ პარტნიორად“, - წერს ენტონი ბლინკენი.