ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის €50 მილიონს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად €50 მილიონს გამოუყოფს. თანხა მობილიზებულია „ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმის“ (European Peace Facility) ფარგლებში.

ევროკავშირის პრესრელიზის თანახმად, ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს სამხედრო და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, შიდა მდგრადობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის, ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს, გააძლიეროს ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში. ეს ზომები ეხმაურება იმ თხოვნას, რომელი ქვეყნებმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს გაუგზავნეს.

ევროკავშირის განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში ეს დახმარება ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის დახმარების კუთხით. საუბარია არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო მოწყობილობებზე, ასევე სამოქალაქო დანიშნულების საშუალებებზე.

საქართველოსთვის განკუთვნილია 12,75 მილიონი ევრო 36 თვის განმავლობაში.

რაც შეეხება მოლდოვას, დახმარება მოიცავს 7€ მილიონს 36 თვის განმავლობაში. უკრაინა კი ამავე პერიოდისთვის €31 მილიონს მიიღებს.

ცნობისთვის, ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმი 2021 წლის მარტში შეიქმნა. მისი მიზანია, დააფინანსოს ევროკავშირის საგარეო აქტივობები სამხედრო ან თავდაცვითი კუთხით, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, EPF საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დააფინანსოს ქმედებები, რომლებიც შექმნილია მესამე სახელმწიფოების და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამხედრო და თავდაცვის საკითხებში.