სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან

ევროპული უსაფრთხოების საფუძველში ჩადებული ნაღმი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2008 წელს NATO-ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან.

მისი შეფასებით, ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც NATO-ს პერსპექტივისგან ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა.

„ისინი, ვინც ბუქარესტის თეზისებს იმეორებენ და ამბობენ, რომ NATO-ს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი პოზიცია, ცეცხლს ეთამაშებიან. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლებელია, ეს არ გააცნობიერონ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მეზობელი ქვეყნების გარდაქმნა მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად, ასევე, NATO-ს ჯარების განთავსება უშუალო სიახლოვეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან.