„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული განვითარების საშუალება. არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია. ყველა მხარემ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ და ვერ მოვაგვარებთ თქვენს პრობლემებს, მაგრამ მზად ვართ, დაგეხმაროთ არსებული გამოწვევების მოგვარებაში“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, მარინა კალიურანდმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ ასამბლეაზე, საქართველოს შესახებ გამართულ სესაიზე, სადაც მომხსენებლად იყო მიწვეული.
სესიის მთავარ თემა იყო: „პოლარიზაცია, როგორც ძირითადი გამოწვევა ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე“.
„პოლარიზაცია არის ის, რაც ხელს უშლის საქართველოს რეფორმების განხორციელებაში და აფერხებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ახლა არის დრო, რომ ყველა ორიენტირდეს რეფორმებსა და გამოწვევებზე. ახლა არის დრო კითხვების დასმისა და პასუხების მიღების“. განაცხადა ევროპარლამენტარმა.
თავის გამოსვლაში ის ყურადღებას ამახვილებს იმ ვითარებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონშია შექმნილი და განმარტავს, რომ „ასეთ რთულ ვითარებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი არასდროს ყოფილა“.
„მე ხშირად ვსტუმრობ საქართველოს და რაც მთავარია, ვხვდები უამრავ ადამიანს. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ სურთ დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ განვითარებას, ეს მათი გამოხატული ნებაა“.
ევროპარლამენტარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა და 5 ივლისის საქმეები.
„იმის მიუხედავად, რომ 5 თვე გავიდა 5 ივლისის მოვლენებიდან, ამდრომდე არ მიგვიღია პასუხები არსებულ კითხვებზე შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებიდან“.
საქართველოს შესახებ გამართულ სესიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, საპარლამენტო ოპოზიციის, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ტუღუში და დოროთა დლუჩი-სულიგა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე.
წყარო - საქართველოს ეროვნული პლატფორმა