ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს

ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს. ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომ სანქციები პასუხია „ბელარუსში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე განხორციელებულ თავდასხმებზე, საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფასა და განმეორებით რეპრესიებზე“.

ლუკაშენკოს რეჟიმს მიგრანტების გამოყენებით ხელოვნური კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციები ბელარუსის სუვერენულ ვალსა და 20 ფიზიკურ პირსა და 12 ორგანიზაციას დაუწესდება, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილს, დიმიტრი ლუკაშენკოს.

ევროკავშირის სასანქციო სიაში 17 ფიზიკური პირი და 11 ორგანიზაცია შევიდა, მათ შორის ავიაკომპანია „ბელავია“.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

ცნობისთვის, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია.

„NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ.

ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.