რით განსხვავდება „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა შტამებისგან

SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენრტის ცნობით, ამ აღმოჩენის მიუხედავად, მაღალია ალბათობა, რომ შტამი ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილა და მათი სექვენირების მაღალი პოტენციალის გამო მოხდა პირველი იდენტიფიცირება.

შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი სკოლის ასაკის მოზარდებში. მოსახლეობის აღნიშნული ნაწილი ყველაზე ნაკლებად აცრილია და სოციალურად მეტად აქტიური.

2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია.

ბოლო 24 სთ-ში ეს მაჩვენებელი 16.4%-მდე გაიზარდა. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვემოთ, განსაკუთრებით სკოლის ასაკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია და მეტად სოციალურად აქტიური.

ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც 2 წლის ქვემოთ ბავშვებში. ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი.

ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმოს 5 რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.

ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის.

ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშნული შტამით გარდაცვალების შემთხვევა.

სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა: გადადების მომატებული უნარი; დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა; მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები დაწესდა.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

ეს ქვეყნებია: ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.