ხავიერ კოლომინა: NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება

NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, რითაც რიგის სამიტი შეაჯამა.

„რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება“, - აღნიშნულია ხავიერ კოლომინას Twitter-ზე.

ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს.

ამავე თემაზე:

იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან. განვაგრძობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას