ამერიკის ელჩი სერგეი ლავროვს: ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან

„თუ გადავხედავთ რუსეთის ბოლო ქმედებებს და მისი სამხედრო ძალების კონცეტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე ჰკითხეს.

ამერიკის ელჩის თქმით, „NATO მუშაობს იმისთვის, რომ მოიტანოს მეტი სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება, გახდეს NAT0-ს წევრი, ნამდვილად არ წარმოადგენს საფრთხეს“.

ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და NAT0-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ეს არის მკაფიო გზავნილი ბოლო 13 წლის განმავლობაში და უცნაურია, რატომ მიიჩნევს რუსეთი ამას საფრთხედ, როდესაც თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლება, აირჩიოს, რომელი ალიანსის თუ ორგანიზაციის წევრი გახდება. შესაბამისად, საქართველოსაც და უკრაინასაც აქვთ სუვერენული უფლება, გადაწყვიტონ, რომელი სამხედრო თუ სხვა ორგანიზაციის წევრობა სურთ.

განსაკუთრებით, თუ გადავხედავთ რუსეთის ბოლო ქმედებებს და მისი სამხედრო ძალების კონცეტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან. NATO მუშაობს იმისთვის, რომ მოიტანოს მეტი სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება, გახდეს NAT0-ს წევრი, ნამდვილად არ წარმოადგენს საფრთხეს“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ლატვიის დედაქალაქ რიგაში (30 ნოემბერი-პირბელი დეკემბერი) NATO-ს ორდღიანი მინისტერიალი გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას NATO-ს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება ესწრებოდნენ.

მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში. NATO-ს გენერალურმა მდივანმა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის, განაგრძოს საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. NATO-ს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.