„რატომ ადევს გელათს ბოქლომი? რატომ არის ასევე გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდთან და მუზეუმთან დაკავშირებით? სად დევს გეგმები და რატომ არ არის ეს გეგმები საჯარო? რატომ არ არის შესაძლებელი ამ გეგმებზე იმსჯელოს პროფესიულმა საზოგადოებამ? - ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„ის რეალობა, რომელიც თქვენ აღწერეთ, ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მძიმე სურათი დაგხვდათ იმ დარგებში, რომელიც ახლა თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება. ცოტა უცნაური ხომ არ არის, რომ ის ადამიანი, რომელიც თქვენამდე ხელმძღვანელობდა ამ დარგებს, დღესაც არის მინისტრი და არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგი აბარია, კერძოდ, განათლების. თქვენ და თქვენს თანაგუნდელებს რაიმე უხერხულობას ხომ არ გიქმნით, რომ ადამიანი, რომელმაც ამდენი პრობლემა დატოვა დარგში და ზოგადად, მეცხრე წელია ხელისუფლებაში ხართ და ეს დარგები და სამინისტროც თქვენს დაქვემდებარებაში იყო, ასეთ მდგომარეობაში დაგხვდათ 9 წლის შემდეგ? რამე უხერხულობას ხომ არ გრძნობთ შემთხვევით?
რაც შეეხება გელათის არხსენებას, კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, სათანადოდ მნიშვნელოვნად არ მიიჩნევთ გელათის თემას, რომ თქვენს მოხსენებაში მოხვედრილიყო, თუ პასუხები არ გაქვთ იმ ბევრ კითხვაზე, რომელიც ექსპერტულ საზოგადოებაში არსებობს გელათთან დაკავშირებით. არაერთხელ მოგმართეთ დეპუტატის კითხვით გელათთან, ეროვნულ მუზეუმთან და ოქროს ფონდთან დაკავშირებით.
კანონს არღვევთ და დეპუტატის კითხვას არ პასუხობთ, თუ არ გაქვთ პასუხები ამ კითხვებზე? რატომ არის გელათის რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებით არის სახეზე დღეს, გაუმჭვირვალე პროცესი? რატომ ადევს გელათს ბოქლომი? რატომ არის ასევე გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდთან და მუზეუმთან დაკავშირებით? სად დევს გეგმები და რატომ არ არის ეს გეგმები საჯარო? რატომ არ არის შესაძლებელი ამ გეგმებზე იმსჯელოს პროფესიულმა საზოგადოებამ?
კარგია, რომ პლენარულ სხდომებზე ვხედავთ მინისტრებს, მაგრამ რატომ არ მოდიხართ კომიტეტებზე? ჩვენმა ფრაქციამ რამდენჯერმე ითხოვა თქვენი მოსვლა კომიტეტზე. ასევე კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, კომიტეტი არ, ვერ გიბარებთ, თუ თქვენ არ მოდიხართ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც პროფესიულ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა კითხვები დაგისვათ?
გელათთან დაკავშირებით ორი სამინისტროს დასკვნა არსებობს, ორივე თქვენი სამინისტროს შეკვეთილი, ერთი იტალიელების, მეორე - ინგლისელების. კონკრეტულად მიპასუხეთ, დღეს შემსრულებელი კომპანია გელათში რომელ დასკვნას ეყრდნობა?“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა თეა წულუკიანს.
თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში შესაძლოა, სახურავის მოხსნა გახდეს საჭირო.
იტალიელი ექსპერტების დასკვნის გამოქვეყნებამდე ვარაუდობს, რომ ეს საჭირო იქნება. მისივე თქმით, თუ მისი ვარაუდი გამართლდა, ეს ძალიან მძიმე პროცესი იქნება, რადგანაც ექსპერტები ვერ იძლევიან გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახურავის სრულად მოხსნა გახდება საჭირო, კედლის მხატვრობა, რომელიც ისედაც დაზიანებულია, გადარჩება.
„ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზეა მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი. მეკითხებით, რა არის მომავალი წლის ყველაზე დიდი გამოწევა სამინისტროსთვის და ჩემთვის ეს არის სახურავი, რომელიც მოსახსნელი თუ იქნება, და 90%-ით ალბათ ასეც იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად. აქ დგება ის ერთი პრობლემა, რომელიც არის დილემა, რასაც იტალიელი ექსპერტები მუდმივად ჩვენთან ერთად სვამენ - შეგვიძლია თუ არა ჩვენ, რომ დავიწყოთ სახურავის მოხსნა, თუ ეს გახდა საჭირო, ისე, რომ უკვე დაზიანებული კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს. იმიტომ, რომ ვიბრაციამ შეიძლება, ეს დააზიანოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.