გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს: სიძულვილის ენა კულტურის ახალი სტანდარტია, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს?

„ეს კულტურის კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში, - მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„ქალბატონო თეა, თქვენი გამოსვლა ისევ და ისევ სავსე იყო სიძულვილის ენით, იმით, რომ გაუგებარი ეპითეტებით მოიხსენიებთ კულტურის სფეროს ამა თუ იმ წარმომადგენელს. ანუ ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს? ასე აპირებთ კულტურის სფეროში მოღვაწეობის თუ მუშაობის გაგრძელებას? ანუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენს აზრს სრულად არ გაიზიარებენ, მათ აზრს არ მოისმენთ და იქნებით მხოლოდ მათი მინისტრი, ვინც ტაშს დაგიკრავთ ყველაფერზე?

ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში თქვენი დამოკიდებულებით, თუნდაც ჟურნალისტებთან, თუნდაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ადამიანებთან იმ სიძულვილის ენით, რაზეც თქვენს გამოსვლაში ისაუბრეთ. არავის არაფერი დაამახსოვრდება, რაზეც ისაუბრეთ, გარდა იმ ეპითეტებისა, რითაც მოიხსენიეთ თქვენი ჯგუფები, ადამიანები, თუ ცალკეული პირები. მართლა მაინტერესებს, ასე აპირებთ კულტურის სფეროს გაძღოლას? ეს არის ახალი სტანდარტი საქართველოში?“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ თეა წულუკიანს.

საპასუხოდ, მინისტრმა ვაშაძე იუსტიციის სახლის უხარისხოდ აშენებაში დაადანაშაულა.

„2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე. ბატონმა დავით აღმაშენებელმა ეს იუსტიციის სახლი ისე ააშენა, რომ იმ პეტალებში, რომელიც სახურავია, შიგნით აქვს ჰაერი, ჩატოვეს არმატურები. ქარის პირობებში ეს ნაგავი იმხელა ვიბრაციას იწვევდა, რომ სახურავი ჩამოვარდა. ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც არის დავით აღმაშენებელი, თქვა, თქვენ ხართ უკულტურობის მინისტრი, მწერლების მაკონტროლებელი, შეურაცხყოფები მოდის და შემდეგ არის კითხვა, რას აპირებთ მწერალთა კავშირთან დაკავშირებითო. მინდა, მას შევახსენო და ასევე სალომე სამადაშვილს, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით, რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით?

რა გაცინებთ ქალბატონო სალომე, თქვენ არ გახსოვთ ალბათ, ბრიუსელში იყავით მაშინ და ესპრესოს ჭიქით ხელში ალბათ აკვირდებოდით დიპლომატის მშვიდი სახით, რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და გამიხარდა, რომ გაგაცინეთ“, - მიმართა კულტურის მინისტრმა დეპუტატებს.