ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, მეირამ ჟანგუტინოვს თაღლითობისა და მექრთამეობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენის თანახმად, ყოფილმა მოსამართლემ ქვეყნის სამხრეთში მდებარე, თურქესტანის ოლქის რაიონული მოსამართლისგან, მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანის სანაცვლოდ ქრთამი აიღო.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ჟანგუტინოვის დაპატიმრების სანქცია აპრილში გაიცა, მაგრამ ის ჯერ კიდევ თებერვალში დააკავეს. მოსამართლის დაკავების შემდეგ გამოცხადდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამოეწურა.
სასამართლომ პატიმრობის იგივე ვადა მიუსაჯა მოსამართლეს, რომელმაც ჟანგუტინოვს ქრთამი მისცა. ორივე მსჯავრდებულს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება უვადოდ აეკრძალათ.