კულტურის მინისტრმა დღეს მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ლიტერატურულ პრემიებზე, მათ შორის პრემია „ლიტერაზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არცერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა.
„ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა”. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „მე არ ვერევი, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალს და პოეტს მინდა მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. სამინისტრო თქვენი პარტნიორია, სამინისტრო არის ინსტრუმენტი, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა.