თეა წულუკიანი: მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი შეხედულებისამებრ თავად დანიშნოს

კულტურის მინისტრმა დღეს მინისტრის საათის ფორმატში საუბრისას თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზეც გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს ვადა პირველ იანვარს ეწურება.

„ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით. ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი. მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.