თეა წულუკიანი: არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა. ეს იყო შეცდომა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ კოჰაბიტაციას შეცდომა უწოდა. წულუკიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ დანდობა არ უნდა ყოფილიყო.

„როდესაც ჩვენ ამ თუ სხვა მოწვევის პარლამენტში და შემადგენლობებში ვთქვით, რომ არ ღირს პოლემიკა და პასუხის გაცემა, იქ დავმარცხდით. როდესაც ჩვენ ვთქვით 2013 წელს, რომ ესენიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და მოდით, შევეცადოთ მათთან ერთად ვმართოთ ქვეყანა, მაშინ იყო ეს ყველაზე დიდი შეცდომა. ის კაცი, რომელიც დღეს გალიაში ზის, მაშინვე უნდა ჩამჯდარიყო იმ გალიაში, საიდანაც ახლა საკუთარი ცოლის დაპატიმრებას ითხოვს.

ეს არის მეგობრებო ჩვენი შეცდომები, როდესაც ჩვენ დავუჯერეთ რჩევებს და აქ ვერ დავწვრილმანდები, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს გავიხსენებ, ვინ რა რჩევა როდის მოგვცა იმისთვის, რომ თანაგვეცხოვრა, იმისთვის რომ დაგვენდო. ეს იყო შეცდომა. მისაყვედურეთ, რამდენიც გინდათ გულახდილობისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას ამით დავაკარგვინეთ ბევრი დრო, დავხარჯეთ ჯანმრთელობა და ნერვები. არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა და კანონით, სამართლიანად ყველას უნდა გასცემოდა ის პასუხი, რასაც იმსახურებდა”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.