ჯანდაცვის მინისტრი: ეტაპობრივად, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე

ჯანდაცვის მინისტრს ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებებს ეფექტიანად მიიჩნევს, ამის მაგალითად კი, 60 წელს გადაცილებულებში აცრის მაჩვენებლის მატება მოჰყავს.

მინისტრის ცნობით, ამ პერიოდში ოთხჯერ გაიზარდა ვაქცინაციის ტემპი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს მივუახლოვდით აგვისტოს მაჩვენებელს, როცა ვაქცინაციის მაღალი ტემპი გვქონდა. 7 დღის საშუალო მონაცემი გვაქვს 13-დან - 14 ათასამდე. მათ შორის ძალიან მაღალია 60 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია.

„მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიებაა დაგეგმილიყო არა გვიან შემოდგომით, არამედ გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული კალენდრით ამ ადამიანებს ეკუთვნოდათ ვაქცინაცია და ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, როცა ჩვენ გავიარეთ მე-4 ტალღა და ახლა ვარკვევთ არის თუ არა მე-5 ტალღა თუ კვლავ მე-4 ტალღის პიკში ვართ, ის ლეტალობები, რომლებიც გვქონდა, მოვახერხებდით და ამ ადამიანების მაღალ რიცხვს გადავარჩენდით”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციას საჭიროდ არ თვლის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამის აუცილებლობაც დადგეს.

„თქვენ იცით ალბათ ჩვენი მიდგომა, რომელიც არის ლოიალური, მაგრამ ალბათ მძიმე ფსიქოემოციური ფონის პერიოდში, როდესაც ჩვენ ორი წელია უკვე პანდემიის პირობებში ვართ, ვიცით თუ როგორი არის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, როგორც ფსიქოემოციური, ასევე, ეკონომიკური და სოციალური, მნიშვნელოვანი არის, ყველა ფაქტორი იყოს გათვალისწინებული. აქ არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ სავალდებულო აცრების დანერგვა, არამედ, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. ეტაპობრივად არ გამოვრიცხავ მე, რომ ჩვენ მივიდეთ, ასევე, სავალდებულო ვაქცინაციამდე, თუმცა ჯერ არსებობს ის რესურსი, რითაც ჩვენ შეგვიძლია სწორი კომუნიკაციის საფუძველზე მოქალაქეები წავახალისოთ და მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებში”,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას