ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა მათ შორის უკრაინისთვის და საქართველოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი Euronews-თან ინტერვიუს დროს NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხსაც შეეხო.

ენტონი ბლინკენის შეფასებით, NATO-მ მრავალი წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა მათ შორის უკრაინისთვის და საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაწევრიანებაში, თუ/როდესაც დააკმაყოფილებენ წევრობის მოთხოვნებს.

„ვაშინგტონისა და NATO-ს ხელშეკრულებაში მკაფიოდ გაწერილია, რომ ალიანსის კარი ღია იქნება მათთვის, ვისაც გაწევრიანება სურს და კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს NATO-ს ბოლო შეხვედრაზე: NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, რადგან NATO თავდაცვითი ალიანსია. ეს გამჭვირვალე ალიანსია.

ის არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. რეალურად, სამწუხაროდ, ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროატლანტიკურ სივრცეში ბოლო წლებში, იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ. და ჩვენ არ გვსურს ამის განმეორება უკრაინაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს.