შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით. განცხადებას წინ უძღვის კლუბ „ხიდის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, როდესაც გავრცელდა შრომის ინსპექციის განცხადება, რომ ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა, თუმცა როგორც ირკვევა, ადგილის დასაცლელად პოლიციამ ღამის კლუბს ვადა მისცა.
„ხიდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამუნა აქსანდერმა მედიას განუცხადა, რომ მათ არ უნდათ, პოლიციამ ძალა გამოიყენოს, ამიტომ, სავარაუდოდ, დღეს იქაურობას დატოვებენ და პარალელურად, სამართლებრივ დავას დაიწყებენ:
„პოლიციამ მოგვცა გონივრული ვადა, რომ წავიღოთ ჩვენი აპარატურა, თუმცა, არც იმას გვეუბნებიან რამდენი ხნით აპირებენ კლუბის დალუქვას, და არც ის აგვიხსნეს, პირველივე დაჯარიმებიდან რატომ ლუქავენ - გვითხრეს, „გავასაჩივროთ და განცხადება დავწეროთ“.
მისივე თქმით, „ხიდი“ 21 თვეა დახურულია, კლუბს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა და მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა პირველი დეკემბრის რეგულაცია, „მწვანე პასპორტების“ შესახებ, მიიღეს კლუბის გახსნის გადაწყვეტილება.
შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებით კი, მას შემდგომ, რაც პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მწვანე პასპორტის კონცეფცია, შრომის ინსპექციამ აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ღამის კლუბების ასოციაციასთან, რომლის დროსაც განიხილეს საქმიანობის უსაფრთხო აღდგენის საკითხები.
„შეხვედრაზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც მწვანე პასპორტებთან ერთად შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ივენთებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი მხრიდან აქტიურად მიეწოდა სექტორში რეგისტრირებულ სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი, რეგულაციების გვერდის ავლით, კვლავ განაგრძობს არანებადართული ივენთების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარება.
სწორედ ამიტომ, შრომის ინსპექცია რეაგირებას მოახდენს ყველა არანებადრთული ეკონომიკური საქმიანობის გამოვლენის ფაქტზე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მერიის, ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით გრძელდება მუშაობა უსაფრთხოების სექტორულ პროტოკოლზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს. სექტორული რეკომენდაციის/პროტოკოლის დამტკიცების შემდგომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სექტორის ფუნქციონირების განახლება“, - აცხადებს უწყება.