ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე პასპორტის ამოქმედებას არ ემხრობა.
თენგიზ ცერცვაძე თვლის, რომ ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირების მგზავრობის აკრძალვა საზოგადოებისთვის მტკივნეული იქნება.
„მწვანე პასპორტის“ არეალი რომ გაფართოვდეს, ეს კარგია, ეს ინფექციის გავრცელებას და სიკვდილობას შეამცირებს, მაგრამ რიგში დგას ტრანსპორტი, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა დასნებოვნების. თუმცა, ერთია კარგი სურვილები და მეორეა, ამის აღსრულების შესაძლებლობა. რთულია, ტრანსპორტში ყველგან წარადგინო „მწვანე პასპორტი“, მოხდეს კონტროლი, ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება „მწვანე პასპორტის“ არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება. ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2 დეკემბერს.