თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ დღეს დაჭრილ არასრულწლოვანს კლინიკაში შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა, ექიმებმა რეანიმატოლოგიური დახმარება გულის ასამუშავებლად ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოკლული მოზარდის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მაკა კობრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმაური გაიგო, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა.
„ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყო, ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი, სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, იქ მირბოდა. ერთი ყვიროდა - სისხლისგან დაიცალაო. ჩხუბი აქ არ მომხდარა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვაგან მოხდა და აქ ჩამოირბინეს. არცერთი ნაცნობი არ იყო, ამ უბნის ბავშვები არ იყვნენ. სასწრაფო და პოლიცია მალე მოვიდა, მაგრამ ვიდრე სასრწაფო მოვიდოდა, მეზობელმა მანქანაში ჩაისვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანა“, - განაცხადა მაკა კობრავამ.
წინასწარი ინფორმაციით, სანზონაში, 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.