შრომის ინსპექცია მოუწოდებს ბიზნეს სუბიექტებს, არ გამოიყენონ რესტორნების ადმინისტრაციის მიერ მოქალაქეების სწრაფი კოვიდტესტირების სერვისი

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ბიზნეს სუბიექტებს, არ დაუშვან სერვისი, რომლის თანხმად რესტორანში დაშვებამდე ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ კოვიდტესტირებას, რის შემდგომაც მომხმარებელს შეუშვებენ.

შრომის ინსპექცია კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პირველი დეკემბრიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების უსაფრთხოდ ფუნქციონირების მიზნით მომხმარებელთათვის მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს „მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.

შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას აქვს და მსგავსი ტესტირება არ შეიძლება ნებისმიერი პირის მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.