2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს პოლიტიკურ და სხვა წრეებში პროტესტი მოჰყვა. კრიტიკა, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, სახელმძღვანელოში მითითებულ კონკრეტულმა ფაქტებმა გამოიწვია.
კერძოდ, საუბარია 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებსა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაზე:
„საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.
წიგნს გრიფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2020 წელს მიენიჭა.
„დროას“ ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რომ 6 დეკემბრიდან, თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს პროტესტს სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეტანილი ინფორმაციის გამო:
„მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე , ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში „ბელადი ბიძინას“ დიდების შეტანის გამო“, - აცხადებს „დროას“ ლიდერი.
სახელმძღვანელო ასევე მოიცავს ინფორმაციას 2008 წლის ომზე.
