"2007 წელს ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაგვიშალეს, ამოცანა იყო, რომ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ შელამაზებულად", -ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.
საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით იკითხება.
„არ მინდა, ვთქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ხელისუფლების, თუმცა საფუძველი „ეროვნულ ბანკს“ ჰქონდა. ვაღიარებ, რადგან იმდენად სწრაფად ვიზრდებოდით, რომ კაპიტალის ადეკვატურობა დაირღვა და უნდა ითქვას, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ მეორე დღეს ეუბნებიან, შენ აჩერებ ოპერირებას. ყოველთვის არსებობს გონივრული ვადა და ყოველთვის გეუბნებიან, რომ შენ გაქვს ექვსი თვე, ექვს თვეში მოაგვარო კაპიტალის ადეკვატურობის მომენტი.
საქართველოში საბანკო სისტემა არის მსოფლიო დონის გამართული სისტემა, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში მისი რეგულირება, მისი კონტროლი, საერთაშორისო აუდიტორების დონეზე, არის ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. მე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ყველაზე მსხვილი აქციონერები, 80 პროცენტის მფლობელი, 10 პროცენტი ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, და 10 პროცენტი გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკს. ესენი არიან პირველი მერცხლები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში განახორციელეს ინვესტიცია.
ჩვენი კაპიტალი 2007 წელს იყო 100 მილიონი დოლარი. ეს გახდა პრობლემა, იმდენად სწრაფად მიდიოდა ფულის მოზიდვა უცხოეთიდან. მე და ბადრი ჯაფარიძეს ექვსი მილიარდი გვაქვს შემოტანილი ამ ქვეყანაში და აღარ ვლაპარაკობ, რამდენი სამუშაო ადგილი და ასე შემდეგ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, 2007 წელს „თიბისი ბანკს“ ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაუშალეს.
„იყო მინიშნებები, ბანკი უნდა გაყიდოთ, სხვას გადააბაროთ. პოლიტიკურ ნაწილს შევეშვები. რთული იყო იმ პერიოდში. ერთის მხრივ, რაღაცები კეთდებოდა, მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ რაღაცების კეთება რთული იყო. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ინვესტორის ძებნა, რადგან არ გვქონდა თანხა, რომ ასი მილიონით გაგვეზარდა. ჩვენ დავიწყეთ მსოფლიოში მოგზაურობა. ამ დროს ბანკი გაჩერებულია, ვერ იზრდება და დრო არის ჩვენს საწინააღმდეგოდ. ყველანაირმა თხოვნამ, რომ იქნებ მოგვცეთ ვადა, შედეგი არ გამოიღო", - განაცხადა ხაზარაძემ.