მიხეილ სააკაშვილი: სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ

"სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ. ეს ყველაფერი კეთდება ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და ყურადღების გადასატანად", - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება.

„ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.