ხავიერ კოლომინა: საქართველოსთან თანამშრომლობისთვის ინსტრუმენტების სრული სპექტრი გვაქვს. ქვეყანა ამას ძალიან კარგად იყენებს

საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა NATO-ს ოპერაციებში. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO-საქართველოს კომისიის ფორმატი, ასეთი სპეციფიკური პლატფორმა NATO-ს მხოლოდ რამდენიმე პარტნიორს აქვს.

„NATO და საქართველო უსაფრთხოების სფეროში უამრავ გამოწვევას იზიარებენ. ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან აქტიური და ნაყოფიერი პოლიტიკური დიალოგი გვაქვს. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შედგა შესანიშნავი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობას, არ არსებობს თანამშრომლობის პაკეტი, რომელიც საქართველოს NATO-სთან არ აქვს. თანამშრომლობისთვის ინსტრუმენტების სრული სპექტრი გვაქვს. საქართველო ამას ძალიან კარგად იყენებს. მათ შორის არის წვრთნები, თანამშრომლობა მოიცავს ყველა სფეროს. საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და NATO-საქართველოს ურთიერთობები ძალიან კარგ დონეზეა“, - განაცხადა კოლომინამ.

მან 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.