შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქცევაზე რეაგირებს.
„NATO ავითარებს შეკავების პოლიტიკას და მხარს უჭერს ალიანსის სამ მოკავშირეს, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. ასევე, აქტიური ჩართულობა გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან. მხარს ვუჭერთ თავდაცვის სფეროში რეფორმის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას, სანაპირო დაცვას წვრთნების ჩათვლით, რაც სფეციფიკური მაგალითია, როგორ ვთანამშრომლოთ ბოლო წლების განმავლობაში.
საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია NATO-სთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მაქსიმალურად ვეხმარებით საქართველოს, რუსეთის ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით.
NATO ხედავს არსებულ გამოწვევებს. რეგიონში არსებული გამოწვევების უმრავლესობის უკან რუსეთი დგას. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევის ზრდა თავდაცვისა და შეკავების სფეროში. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აქვს NATO-ს, რომ უპასუხოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ეს თავდაცვითი ძალისხმევაა, რომელიც გვჭირდება რეაგირებისთვის, მზადყოფნისთვის“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
„როგორც აღვნიშნე, საქართველოს წვლილი შეაქვს ალიანსის ოპერაციებში. ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მადლობელნი ავღანეთის მისიაში მონაწილეობისა და ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.