15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

15 წლის მოზარდის მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოვითხოვ, რომ გამოყენებული იყოს გირაო და ასევე, დამატებითი ღონისძიება, რომელსაც სასამართლო ჩათვლის მიზანშეწონილად“, - განაცხადა ამირან ხუციშვილმა საქალაქო სასამართლოსთან. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

„მან სრულად დეტალურად მისცა ამომწურავი ჩვენება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რას შეესწრო, რა ნახა და ასევე, თანხმობა გამოხატა, მონაწილეობა მიიღოს სხვა საგამოძიებო მოქმედებებში და მიაწოდოს გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია“, - განაცხადა ადვოკატმა ამირან ხუციშვილმა.

ამავე თემაზე:

თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს

თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს