FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას

აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას.

გამოცემა Financial Times-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ამერიკული დაზვერვის ანგარიშები აღწერს რუსეთის სამხედროების განლაგებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ, შესაძლო თავდასხმის მომზადების მტკიცებულებები/კრემლის ზრახვების ანალიზი, ორმხრივად და ერთობლივად გაუზიარეს NATO-ს წევრებს, ასევე გამოიყენეს ევროკავშირის დიპლომატიური არხები.

NATO-ს 29 სხვა მოკავშირეს შორის გაზიარებული დოკუმენტებისა და დეტალების რაოდენობა ერთმა ოფიციალურმა პირმა აღწერა, როგორც „უკიდურესად ყოვლისმომცველი“.

ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ სააგენტოს განუცხადა, რომ პრეზიდენტები თავად გადაწყვეტენ, რამდენ ხანს გაგრძელდება საუბარი.

როგორც ცნობილია, ლიდერები განიხილავენ ჟენევაში, შვეიცარიაში, წინა შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხს, ავღანეთში, ირანში, ლიბიასა და სირიაში არსებულ სიტუაციებს, ასევე უკრაინის კრიზისს. რუსი ოფიციალური პირის თქმით, დღის წესრიგში შესაძლოა, იყოს ნავთობის ბაზარი, კლიმატის ცვლილება და COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე ხანგრძლივად ისაუბრებს.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ