აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრამდე ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის წინ ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს გამართავს.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 7 დეკემბერს შედგება. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან.

ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.