ხავიერ კოლომინა: საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმის, მედიათავისუფლების და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულების მიმართულებით

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმის, მედიათავისუფლების და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულების მიმართულებით.

ხავიერ კოლომინას თქმით, მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს მხრიდან რეფორმების გატარების ძალისხმევას.

„NATO არის პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია, მაგრამ NATO-ს ღირებულებებია დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეს ფუნდამენტური საკითხებია.

NATO-ს გაფართოების პოლიტიკა მიმართულია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ, განსაკუთრებით ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებში და უკანასკნელ წლებში, NATO-ს წევრობის პერსპექტივა გამოყენებული იყო რეფორმების დაჩქარებისთვის, რასაც ამ ქვეყნებისგან ვითხოვდით. ამან ძალიან პოზიტიურად შეუწყო ხელი რეფორმების დაჩქარების პროცესს და ინიციატივებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურდათ. ამან დიდი წვლილი შეიტანა ევროპის სტაბილურობასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

მისივე თქმით, საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიათავისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკურია. ამას ჰქვია წლიური ეროვნული პროგრამა ANP, რომელიც მოიცავს ყველა პოლიტიკურ ელემენტს. ჩვენ ძალიან ღია ვართ მეგობრებთან ურთიერთობებში და ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციას და იმ ფაქტს, რომ ბოლო ექვს თვეში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გამოიხატა შეშფოთება. ასევე, საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიათავისუფლებასთან და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ხავიერ კოლომინას შეფასებით, NATO-სთან ინტეგრაციის პროცესები ნამდვილად რთულია ყველა პარტნიორისთვის.

საბოლოოდ ჩვენ ვხედავთ, რომ NATO-სთან ინტეგრაციის პროცესები ნამდვილად რთულია ყველა პარტნიორისთვის. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს შეუძლია, ხელი შეუშალოს მთავრობას ძალიან საჭირო რეფორმების გატარებაში. ჩვენ სიტუაციას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ სიტუაციას თვალს და როგორც შეგვიძლია, მხარს ვუჭერთ ძალისხმევას. სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ ახლო ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან.

მე ვნახე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გასულ კვირას და ამ საკითხებზე კვლავ ვესაუბრეთ. ღიად ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა მიაღწევს ისეთ პროგრესს, როგორიც ჩვენ გვსურს, ვიხილოთ. ეს ფუნდამენტური საკითხია. ეს NATO 2030-ის ფუნდამენტური საკითხია, ეს იქნება ახალი სტრატეგიული კონცეფციის ფუნდამენტური საკითხი“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.