მოსკოვმა რუსეთიდან საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს

მოსკოვმა, უახლოეს პერიოდში, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს „ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე“, დარიცხული განაცდენი პროცენტებით ევროსაბჭოს საბანკო ანგარიშზე.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აღნიშნეს, რომ რუსეთი დათანხმდა, ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, თუმცა, ხელი ჯერ არ მოუწერია.

ადამიანის უფლება ევროპულმა სასამართლომ მოსკოვს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა.

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ 2 300-ზე მეტი ქართველი დააკავა და 2006 წლის სექტემბრის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში გამოაძევა. ასობით ადამიანი თბილისში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს.

საქართველო აცხადებდა, რომ ამგვარი ქმედება თბილისში 2006 წლის სექტემბერში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლების შურისძიება იყო. რუსეთი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რაიმე შურისძიებას უარყოფდა, აცხადებდა, რომ ეს უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ მისი სტანდარტული პოლიტიკის გაგრძელება იყო.

სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვასთან, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან, სამართლიანსასამართლო განხილვის უფლებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასთან მიმართებით.