უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა კლუბების მუშაობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული.
„რაც შეეხება ღამის კლუბებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რათა ერთი მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს.
რა თქმა უნდა, უნდა ელოდონ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი შეჯერდება პოზიციები ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით, მაშინვე გამოქვეყნდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.