რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიდეოშეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოლაპარაკება გამართეს.
ლიდერებმა საერთო შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებისა და რუსეთის მზარდი მკაცრი რიტორიკის გამო. მათ რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და შეთანხმდნენ, რომ დიპლომატია, განსაკუთრებით „ნორმანდიის ფორმატი“ ერთადერთი გზაა დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმებების განხორციელების გზით.
ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მათ გუნდებს მჭიდრო კავშირი ექნებათ, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან და კონსულტაციებს გამართავენ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომის შესახებ“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრა 7 დეკემბერს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ მხოლოდ ერთხელ, 2021 წლის ივნისში, ჟენევის სამიტის დროს შეხვდნენ.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ