NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას ინიციატივა, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს დათქმით, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, შეუძლებლად მიაჩნია.
საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ მისი პასუხი ამ ინიციატივაზე არის - ცალსახად არა.
„რაც შეეხება NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადებას, ჩემი პასუხი ცალსახაა - არა. არ მგონია, რომ ეს ვარიანტი შეიძლება, არსებობდეს. სიმართლე ვთქვა, არც კი ვფიქრობ, რომ ეს ამჟამინდელ გარემოებებში სასარგებლო იყოს. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლითაც არაერთხელ მივმართეთ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ მეტოქეებსაც“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.
NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში პროგრესს ისურვებდა.
ხავიერ კოლომინამ ეუთოს მინისტერიალზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და მის მოადგილეს ლაშა დარსალიას.
„ვისაუბრეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის საჭიროებაზე. გვჯერა, რომ უნდა ვეძებოთ კონფლიქტის მოგვარების საერთო და არა მოკლევადიანი გზები. ეს ჩვენი პოლიტიკა არ არის. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უნდა სცენ პატივი და ეს არის NATO-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ცნობისთვის, NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმა გულისხმობს მის თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.
შეგახსენებთ, 2009-2014 წლებში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში სწრაფად გასაწევრიანებლად შეუძლია, დროებით უარი თქვას ალიანსის მეხუთე პუნქტის მის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებაზე.
ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს „მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ მოწყობილ თბილისის მეხუთე საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 2019 წელს ეწვია, რომლის დროსაც განაცხადა: შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება: უღირს თუ არა საქართველოს გახდეს NATO-ს წევრი, მაგრამ იმ დათქმით, რომ დროებით, NATO-ს ქარტიის მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, თქვენს დე-ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. ეს გულისხმობს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით აკონტროლებს საქართველოს მთავრობა.
ეს ბევრს შეიძლება ჩახლართულ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს NATO-ში - 1955 წელს აღმოსავლეთ გერმანიას (გდრ) NATO-ში გაწევრების უფლება არ მიეცა, მაშინ როცა დასავლეთ გერმანია გახდა NATO-ს წევრი. მეხუთე მუხლი არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე, ვიდრე გერმანია არ გაერთიანდა. ზუსტად იგივე შეიძლება, გაკეთდეს საქართველოს შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებით.