ხავიერ კოლომინა: გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ჟენევის დისკუსიების კონტექსტში პროგრესს ვისურვებდი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ჟენევის დისკუსიების კონტექსტში პროგრესს ისურვებდა.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ უნდა ვეძებოთ კონფლიქტის მოგვარების საერთო და არა მოკლევადიანი გზები.

ხავიერ კოლომინამ ეუთოს მინისტერიალზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და მის მოადგილეს ლაშა დარსალიას.

„ვისაუბრეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის საჭიროებაზე. გვჯერა, რომ უნდა ვეძებოთ კონფლიქტის მოგვარების საერთო და არა მოკლევადიანი გზები. ეს ჩვენი პოლიტიკა არ არის. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უნდა სცენ პატივი და ეს არის NATO-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

რაც შეეხება თავად დისკუსიებს, ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას შეფასებით, რეგიონში არსებული რთული ფონის გათვალისწინებით, მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი, რომელიც 7 დეკემბერს იმართება, არ იქნება მარტივი.

ლაშა დარსალია სატელევიზიო მედიასთან აღნიშნავს, რომ რუსეთი მუდმივად ახდენს ჰუმანიტარული საკითხებით ზეწოლას უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებების პროცესს. მისივე თქმით, საქართველოს სიძლიერე საერთაშორისო მხარდაჭერაშია.

„იქნება ეს უკანონო ბორდერიზაცია, უკანონო დაკავებები, ეთნიკური ნიშნით შეზღუდვა სხვადასხვა მიმართულებით; მშობლიური ენის შეზღუდვა თუ გადაადგილების შეზღუდვა და სხვა, ეს ყველაფერი სინამდვილეში ემსახურება ერთ მიზანს, რაც შეიძლება დიდი იყოს ზეწოლა ქართულ დელეგაციაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ მძიმე ფონიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების პროცესი იქნება საკმაოდ რთული“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ამავე თემაზე:

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები. ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა