Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით იქნება შესაძლებელი

კოვიდვაქცინის ინაქტივირებული ვაქცინებით (Sinopharm-ი, Sinovac-ი“) აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზა უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომელი ვაქცინებითაა შესაძლებელი ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება.

„პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს Sinopharm-ის, Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინა. 60 წელს გადაცილებულები, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ით და Sinovac-ით, ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.