საქართველოს პარლამენტში ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სიმბოლური ლენტი პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა გაჭრეს.
„მარო მაყაშვილი პირველი ქალია, ვისაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და სიმბოლურია, რომ პარლამენტში მისი სახელობის დარბაზს ვხსნით, რომელიც თაობებს დარჩება“,- ამის შესახებ კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მარო მაყაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, არის სიმბოლო, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართეს შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა აქიაშვილმა საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა ისტორიული დისკურსი წარმოადგინა.
ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს საჯარო ლექცია თემაზე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემა და მისი გავრცელება საქართველოში.