ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-ს სხვა მოკავშირეებმა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად უკრაინაში როტაციის საფუძველზე ჯარები უნდა განათავსონ. ამის შესახებ უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-მ უფრო მეტი საბრძოლო შეიარაღება უნდა მისცეს უკრაინას.
„ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ პუტინსა და მის მრჩევლებს იმდენად მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ, რომ დაუშვებლად ჩათვლიან ასეთ აგრესიას. ვფიქრობ, რომ ეს არის საშუალება იმ სამხედრო მოქმედებების შესაკავებლად, რომელიც ასე გარდაუვალი ჩანს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, ჯონ ბოლტონი, ერთ-ერთია იმ მოქმედ და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც ვაშინგტონის სანქციების პასუხად, რუსეთმა 2021 წლის აპრილში რუსეთში შესვლა აუკრძალა.
ბოლტონს დონალდ ტრამპის მრჩევლის პოსტი 2018-2019 წლებში ეკავა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.